|
თავადი ილია ჩოლოყაშვილი ლაგოდეხიდან
Автор: პეტრე ზგონიკოვი |
Добавлено: 17.12.2025 |
|
თავადი ილია ჩოლოყაშვილი (ჩელოკაევი), გენერალ-მაიორი ლაგოდეხიდან.
მისი სიცოცხლე და გარდაცვალება
სამწუხაროა, ის კარგი მეგობარი იყო და საერთოდ, ყველას უყვარდა!
ლუდვიგ მლოკოსევიჩი, 1877 წლის 18 მაისი, ლაგოდეხი
 |
| ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილი (1823-1877) |
ილია ზაალის ძე ჩელოკაევი*. ქართველი თავადი ლაგოდეხიდან, საქართველოს ისტორიაში ცნობილი საგვარეულოს, ჩოლოყაშვილების შთამომავალი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი, დაღესტნის ცხენოსანთა ირეგულარული ბრიგადის მეთაური. 1872 წლიდან იყო იმპერატორ ალექსანდრე II-ის ამალის წევრი.
გადამდგარი ოფიცრისა და ცნობილი ნატურალისტის ლუდვიგ მლოკოსევიჩის მეგობარი. იგი გარდაიცვალა 1877 წლის 11 მაისს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ყარსთან თურქებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობის შედეგად. შვიდი დღის შემდეგ მლოკოსევიჩი თავის პოლონელ მეგობარს, მეცნიერ ანტონ ვაგას, წერილში აღწერს იმ გარემოებებს, რომლებიც ჩელოკაევისთვის საბედისწერო აღმოჩნდა (1).
გენერალი, თავადი ჩელოკაევი, გრაფის [კონსტანტინე ბრანიცკის] კარგი ნაცნობი, გარდაიცვალა ყარსთან მიღებული ჭრილობისგან. საქმე ასე იყო. ი. [ილია] ჩელოკაევი გაიგზავნა თავისი კავალერიით, რომელიც შედგებოდა ყარაფაფახებისგან** და ლეზგებისგან, დაზვერვაზე ყარსთან. ყარაფაფახებმა ერთ ადგილას ნახირი შენიშნეს და მასთან დაიძრნენ. ჩასაფრებულმა ბაშიბუზუკებმა*** , რომლებიც მათზე მეტი რაოდენობით იყვნენ, თავის მხრივ, ყარაფაფახებს შეუტიეს. ჩელოკაევმა, დაინახა მათი მძიმე მდგომარეობა და დასახმარებლად 6 ასეული ლეზგი გაგზავნა. ბაშიბუზუკებს თურქი დრაგუნები შეუერთდნენ. ლეზგები კაჟიანი საკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, ხოლო თურქული მხარე - ახალი ევროპული იარაღით. ლეზგები უკან იხევენ. ჩელოკაევი აბრუნებს მათ. ლეზგები ისევ უკან იხევენ: მათ იარაღს არავითარი შედეგი არ მოაქვს. მაშინ ჩელოკაევმა უბრძანა, რომ უსარგებლო თოფები გადაეყარათ და იერიშზე ხმლებით გადასულიყვნენ. ლეზგებმა თოფები დაყარეს და მხოლოდ ხმლებით შეუტიეს თურქებს. ვერ გაუძლო შეტევას თურქულმა კავალერიამ და გაქცევა დაიწყო. თავისი საქმის დასრულების შემდეგ და ბანაკში დაბრუნებისას, [ხელქვეითებმა] მოახსენეს, რომ მოკლულთა შორის ერთი ლეზგი ოფიცრის ცხედარი დარჩა. ის (ჩელოკაევი) ბრუნდება ცხედრის გამოსატანად. მას შემდეგ, რაც ბრძოლა დასრულდა, აქა-იქ კვლავ ისმოდა შორეული გასროლები და როგორც ჩანს, ბოლო გასროლისას ჩელოკაევს ტყვია გამოჭოლად მოხვდა მარცხენა ხელში (მხრის ძვალში), გაიარა მე-6 და მე-7 ნეკნებში და გაჩერდა უცნობ ადგილას. ჩელოკაევი ცხენიდან გადმოვარდა, მაგრამ მაშინვე ავიდა მასზე და ასეთ მდგომარეობაში მიაღწია ბანაკამდე, მაგრამ იმდენად დასუსტდა, რომ ის [სოფელ] ზაიმში ხელით წაიყვანეს.
 |
| ყარსის გარშემორტყმა და დაბომბვა |
მას სურდა, რომ ადგილობრივ ექიმს ემკურნალა. სასწრაფოდ გაგზავნეს დეპეშა ქუთაისში თურმანიძესთან, ცნობილ ადგილობრივი ექიმბაშთან. თურმანიძე ადგილზე ჩავიდა, მაგრამ სამხედრო ექიმებმა არ დაუშვეს ის ჩელოკაევთან, განაცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა გადადგებოდა. მათმა მხარემ იმარჯვა და დაიწყეს მასში ტყვიის ძებნა. 4-ჯერ ჩაუტარდა ოპერაცია, სრულიად დაჩეხეს, მაგრამ ტყვია ვერ იპოვეს. მე-4 ოპერაციის დასრულების შემდეგ, ექიმმა უბრძანა ფელდშერს, რომ გენერლისთვის გადაეფარებინა. იგი დაემორჩილა ბრძანებას, გადააფარა გენერალს, ყურადღებით დააკვირდა მას და აცნობა ექიმებს, რომ გენერალი უკვე გარდაცვლილი იყო. სამწუხაროა, ის კარგი მეგობარი იყო და საერთოდ, ყველას უყვარდა! ის ჭრილობის მიღებიდან მე-11 დღეს გარდაიცვალა. სასურველი იქნებოდა, რომ ევროპელ ექიმებს სერიოზული ყურადღება მიექციათ ადგილობრივი ექიმბაშებისთვის, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ შინაგანი დაავადებების შესახებ, მაგრამ შესანიშნავად კურნავენ ჭრილობებს. არა ერთი შემთხვევა იყო როდესაც ჩემი ჭრილობების მკურნალობაზე ჩვენმა ექიმებმა უარი განაცხადეს, ხოლო მათ მიმკურნალეს. რაც შეეხება მათი მკურნალობის ხელოვნებას, ეს გასაკვირი არ არის, რადგან აქ საუკუნეების მანძილზე ომები მიმდინარეობდა, მათ დაუგროვდათ განსაკუთრებულად მდიდარი გამოცდილება, რამაც გამოიწვია მრავალი, გაბედული, ბრწყინვალე გამჭრიახობა, რომლიც მათ მიერ საიდუმლოდ არის დაცული.
უნდა ნახო, რა თავდაჯერებულობით იღებენ ისინი მძიმედ დაჭრილს, მაშინ როდესაც ჩვენი ექიმი ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ მშიშარაა. როდესაც ჩელოკაევი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მათ [სქოლიოში: ადგილობრივმა ექიმებმა] დეტალურად უთხრეს, სად იყო ტყვია, როგორ გაიარა და რატომ იყვნენ ისინი მისი ამოღების წინააღმდეგნი. მისი სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი მართლები იყვნენ. ტყვია მოხვდა იმ ადგილას, რომელიც მათ მიუთითეს [სქოლიოში: ის არ იყო სასიკვდილო, ის ექიმების დანებისგან მოკვდა]. ადგილობრივი ექიმები ნებისმიერი ამპუტაციის წინააღმდეგი არიან, თუ დაზიანებული კიდური ერთ ძარღვზე არ არის ჩამოკიდებული, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აშორებენ სხეულის იმ ნაწილს, მაგრამ ასეთი რამ მათთან ძალიან იშვიათად ხდება.
ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილი (ჩელოკაევი) დაიბადა 1823 წლის 14 იანვარს ზაალ ომანის ძე ჩოლოყაშვილის ოჯახში, იყო ცხრა დედმამიშვილთაგან უფროსი. მისი დედმამიშვილები იყვნენ ერასტი (1830-1893), ნიკოლოზი (1840) და ალექსანდრე (1843) , დები - ნინო (1832), მარიამ (1833), დარია (1835), ეკატერინე (1837) და მართა (1838) (2).
ილიას ბაბუას, ომან როშაკის ძე ჩოლოყაშვილს (1737?-1792) ჭიურის (ჭიაურის) მოურავის ტიტული ჰქონდა, იყო ალაზნის მარცხენა ნაპირზე მდებარე ჭიურის (ჭიაურის) ოლქის მმართველი. დღეს ეს არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიაური, საქართველო.
მახსოვს, ჯერ კიდე 40 წლის წინ ჩიაურში იდგა მიტოვებული, უფანჯრო და უკარო, დიდი ორსართულიანი სახლი - თავადი ჩელოკაევის მამული. XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სახლმა გაიზიარა ომიენჩინში (პოლონეთი) მლოკოსევიჩების სასახლის და ლაგოდეხში XIX საუკუნის გენერლის სახლის ბედი - ადგილობრივმა მოსახლეობამ დაშალა აგურებად.
შაჰ-აბასის მიერ XVII საუკუნის დასაწყისში საქართველოზე თავდასხმის შემდეგ, დღევანდელი ლაგოდეხის რაიონის მთელი ტერიტორია სოფელ მაწიმიდან (საზღვარი აზერბაიჯანთან) ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლამდე (სხვა მონაცემებით, კაბლის მდინარემდე) ქართველი მოსახლეობის განდევნის შემდეგ, გადავიდა ლაგოდეხთან მოსაზღვრე ჭარ-ბელაქანის თავისუფალ ავართა თემების კავშირის მმართველობის ქვეშ და 1728 წლის 26 თებერვლიდან იურიდიულად განმტკიცდა მათთვის ოსმალეთის იმპერიის სულთან აჰმედ I-ის მიერ.
რატომ დაუტოვეს ჭარ-ბელაქანელებმა, ლაგოდეხის მხარის ახალმა მფლობელებმა, ქართველ თავადს ომან ჩოლოყაშვილს მისი ჭიაურის მამული?
შემიძლია ვივარაუდო, რომ ასეთი ლოიალობის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ჩოლოყაშვილების საგვარეულოს წარმომავლობა.
 |
| ჩოლოყაშვილების მამული ლაგოდეხის რაიონის ჭიაურში |
პირველი ვერსიით, ჩოლოყაშვილები ადრე იყვნენ ძირძველი დაღესტნელები გვარით ჩოლოყ, მაგრამ მათ წინააღმდეგ აჯანყდნენ მათივე თანამემამულეები, მეზობლები, და ისინი 1320 წელს იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ საქართველოში, სადაც თბილად დახვდათ ქვეყნის მაშინდელი მმართველი ვახტანგ VI.
ჩოლოყაშვილების საგვარეულოს წარმოშობის მეორე ვერსია პირველისგან ოდნავ განსხვავდება. მის თანახმად, ჩოლოყაშვილები თავდაპირველად არ ყოფილან დაღესტნელები, არამედ დაღესტანში დასახლებული გენუელი ვაჭრები იყვნენ. სხვა დანარჩენში კი ისტორია იმავე სცენარით განვითარდა, როგორც პირველ ვერსიაში: დაღესტანში გენუელებმა მიიღეს გვარი ჩოლოყ, შემდეგ მათ წინააღმდეგ აჯანყდნენ მეზობლები და ისინი იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ საქართველოში, სადაც ჩოლოყაშვილებად იწოდებოდნენ.
ასე თუ ისე, ჩოლოყაშვილების საგვარეულოს დაღესტნურ წარსულს არც ერთი ვერსია არ უარყოფს, და შესაძლოა, სწორედ ეს დაღესტნური წარსული გახდა ის იმუნური სიგელი გენერლის ბაბუისთვის, ომან როშაკის ძისთვის, რომელსაც ანგარიში გაუწიეს მისმა დაღესტნელმა თანამემამულეებმა, ჭარ-ბელაქნელმა ავარებმა.
ჩვენი გმირი, ილია ზაალის ძე ჩელოკაევი, დაიბადა მისი შორეული წინაპრების საქართველოში გაქცევიდან ოთხასი წლის შემდეგ, თუმცა „დაღესტნური კვალი“ წითელი ძაფივით გასდევს მის ბიოგრაფიას. ის შევიდა სამსახურში რუსულ არმიაში, სადაც თითქმის ყველა ქვედანაყოფი, რომელთა მეთაურობა უწევდა, დაკომპლექტებული იყო დაღესტნელებით ან მთიელებით, მაგრამ... ყოველთვის იბრძოდნენ თავიანთივე, ერთსისხლიანი დაღესტნელებისა და მთიელების წინააღმდეგ. ასე, 1842 წელს, 19 წლის ასაკში, ილია ჩელოკაევი შევიდა ურიადნიკად (უმცროსი მეთაური - ავტ.) ქართულ ლაშქარში (მილიცია - ავტ.), რომელიც რუსების მხარეს იბრძოდა მთიელების, ღალღელების, ჩეჩნებსა და დაღესტნელების წინააღმდეგ. 1847 წელს ჩელოკაევი საკუთარი სურვილით გადავიდა ამიერკავკასიის მუსლიმურ ცხენოსანთა პოლკში, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ამიერკავკასიის მუსლიმებისგან, ძირითადად ჭარ-ბელაქანის ავარებისგან.
პოლკი 1835 წლიდან მუდმივად იმყოფებოდა ვარშავაში. ეს იყო ის პოლკი, რომელიც პოლონეთში, ლუდვიგ მლოკოსევიჩის დის მამულში იდგა და „ამ პოლკის ნაცნობებისგან“ ახალგაზრდა ლუდვიგს „ბევრი სმენია კავკასიის, მისი მდიდარი ბუნების, ცნობილი ადგილობრივი ნადირობის შესახებ, და ამ მოთხრობების გავლენით“... ესურვა ამ მხარის ნახვა და როგორც კი გახდა სრულწლოვანი, აიხდინა სურვილი, ჩავიდა კავკასიაში (3).
ვინ იყო ის სამხედრო „პოლკის ნაცნობებიდან“, ვისგანაც ახალგაზრდა მლოკოსევიჩს შეეძლო მოესმინა მისთვის გასაოცარი მოთხრობები კავკასიის ბუნების შესახებ?
 |
|
დაღესტნის ცხენოსანთა ირეგულარული
პოლკის მეომრები
|
ლაგოდეხის მიწები ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, 1830 წელს ფელდმარშალ ივანე პასკევიჩის მიერ ჭარ-ბელაქანის დაპყრობამდე, ჭარ-ბელაქნელ ავარებს ეკუთვნოდათ. მუსლიმურ პოლკში გაწვეული ახალგაზრდები კარგად იცნობდნენ ლაგოდეხის ბუნებას და შეეძლოთ მის შესახებ მოეყოლათ ცნობისმოყვარე ლუდვიგისთვის იმ პირობით, თუ ისინი თავისუფლად ფლობდნენ ფრანგულ ენას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათ შორის მცირედმა იცოდა არათუ ფრანგული, არამედ რუსულიც კი. ენობრივი პრობლემა იმდენად მწვავე იყო, რომ პოლკის მეთაურმა დავით ბებუთოვმა, რომელიც ადრე ჭარ-ბელაქანის ოლქის თავმჯდომარისა და ,,ნოვო-ზაქათალის“ ციხის კომენდანტი იყო, საკომანდო სიტყვები თათრულ ენაზე გადათარგმნა, რათა მის ხელქვეითებს შეეძლოთ მათი გაგება. ფრანგული ენა იცოდა მხოლოდ ბებუთოვმა და პოლკის ზოგიერთმა განათლებულმა ოფიცერმა. თეორიულად შესაძლებელია დავუშვათ, რომ თავად ბებუთოვი შეიძლებოდა ყოფილიყო ის მთხრობელი, რომელმაც ლუდვიგში კავკასიისადმი ინტერესი გააღვიძა, მაგრამ ეს შეუძლებელია ჩანს - ეცლებოდა მრავალი სამეთაურო ვალდებულებითა და მიმდინარე ამოცანებით დაკავებულს, ორმოცდაათი წლის პოლკის მეთაურს პოლონელ მოზარდთან ურთიერთობისთვის?
შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს ადამიანი იყო თავადი ილია ჩელოკაევი, იმ დროს ოცდახუთი წლის ოფიცერი ლაგოდეხიდან. ვის, თუ არა მას შეეძლო აღფრთოვანებით, მრავალფეროვნად და დეტალურად მოეყოლა ლუდვიგისთვის თავისი სამშობლოს ბუნების შესახებ? მაშინ, ალბად, შედგა მათი გაცნობა, რომელიც შემდგომში მტკიცე მეგობრობის საწინდარი გახდა ლაგოდეხში. მხოლოდ ჩელოკაევის გავლენით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, თუ რატომ აირჩია მლოკოსევიჩმა სამსახურის ადგილად ლაგოდეხი და არა მეზობელი ზაქათალა, საიდანაც ძირითადად იყვნენ პოლკში გაწვეულნი სამხედრო მოსამსახურეები და რომელთაგანაც, თითქოს და უპირველეს ყოვლისა უნდა მოესმინა მას მოთხრობები მხარის საოცარი ბუნების შესახებ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ზაქათალა, რომელიც იმ დროს სამხედრო და კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო, ბევრად უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე შეუმჩნეველი დაბა ლაგოდეხი.
პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ ჩელოკაევი წარმატებით აგრძელებდა წინსვლას კარიერის კიბეზე, არ ცვლიდა თავის სამსახურებრივ უპირატესობებს - ყოველთვის ედგა სათავეში ქვედანაყოფებს, რომლებიც ძირითადად შედგებოდნენ მთიელებისგან და იბრძოდა მთიელების წინააღმდეგ.
1854 წელს ის დაინიშნა კავკასიის არმიის ეგრეთ წოდებული ,,ლეზგების რაზმის“ შემადგენლობაში, რომელიც მოქმედებდა თელავის მაზრაში შემოჭრილი შამილის წინააღმდეგ.
 |
| გენერალ-მაიორი, თავადი ილია ჩელოკაევი, 1872 წელი |
1858 წელს თავადმა მიიღო შტაბ-როტმისტრის წოდება და გადაყვანილ იქნა მისი უდიდებულესობის საკუთარი კონვოის კავკასიურ ესკადრონში რომელიც შედგებოდა თერგის და ყუბანის კაზაკთა ჯარების კაზაკებისგან, ჭარ-ბელაქანის ავარებისგან, ჩერქეზებისგან, ნოღაელებისგან, ქართველებისგან, ყირიმელი თათრებისგან და რუსეთის იმპერიის სხვა ხალხებისგან. 1863 წლის აპრილში დაინიშნა დაღესტნის ცხენოსანთა ირეგულარული პოლკის (მოგვიანებით - ბრიგადის) მეთაურის თანამდებობაზე, რომელიც მონაწილეობდა ზაქათალის აჯანყების ჩახშობაში 1863 წლის ივნისში და არეულობების ჩახშობაში ყათაი-თაბასარანის ოკრუგში 1866 წელს. 1877 წლის აპრილში, როდესაც თურქეთთან ომი დაიწყო, ბრიგადასთან ერთად ყარსისკენ გაემართა, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა მაისის დასაწყისში.
ბრძოლის გარემოებები, რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა ჩელოკაევისთვის, მისი დაჭრის, ჯანმრთელობის ხანმოკლე გაუმჯობესების და გარდაცვალების თარიღები, რომლებიც არ არის მლოკოსევიჩის წერილში, მოცემულია გაზეთ „კავკაზის“ ოფიციალურ ცნობებში, რომელიც აშუქებდა მოვლენებს რუსეთ-თურქეთის ფრონტზე.
7 მაისს „კავკაზი“ იუწყებოდა (4):
 |
|
შეტყობინება გაზეთ "Кавказ"-ში თავად ჩელოკაევის
გარდაცვალების შესახებ
|
„ალექსანდროპოლი, 4 მაისი. დღეს ყარსთან რეკოგნოსცირებაში მონაწილეობდნენ მეგრელთა პოლკი, გრენადერთა ბრიგადის მე-5 და მე-6 ბატარეები და დაღესტნის ცხენოსანთა ირეგულარული ბრიგადა 8 ასეულის შემადგენლობით, ყარაფაფახები და ალექსანდროპოლის ცხენოსანთა პოლკის 2 ასეული, რომლებიც წინ მიდიოდნენ ჩვენს მარცხენა ფლანგზე, ძლიერად იქნა შეტეული თურქი დრაგუნების მიერ 1000 კაცის რიცხვში, რომლებსაც მხარს უჭერდა 8 ბატალიონი ქვეითი ჯარი და ბატარეა. დასახმარებლად გაიგზავნა 6 ასეული დაღესტნელი. მოხდა ცხელი ბრძოლა. დაღესტნელებმა ხმლებით შეუტიეს და ვაჟკაცურად იბრძოდნენ. მოწინააღმდეგემ დატოვა 64 ცხედარი, დაჭრილების გარდა; ტყვედ აიყვანეს 2, ბევრი იარაღი და რამდენიმე ცხენი. ჩვენს მხარეს დაიღუპა: მილიციის ოფიცერი 1, მხედარი 20; დაჭრილები: მილიციის ოფიცერი 5, მხედარი 54. საერთო წუხილისთვის, მძიმედ დაიჭრა მარცხენა გვერდში მისი უდიდებულესობის ამალის გენერალ-მაიორი, თავადი ჩელოკაევი“.
12 მაისს მოჰყვა შეტყობინება ჩელოკაევის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ (5).
„ქიურიუქ-დარა, 10 მაისი. მთავარი ძალების ბანაკში ყველაფერი კარგადაა. თავადი ჩელოკაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა“.
მომდევნო დღეს თავადი ჩელოკაევი გარდაიცვალა (6).
„ზაიმი, 11 მაისი. დღეს, დილის 6 საათზე, მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ამალის გენერალ-მაიორი თავადი ჩელოკაევი, მიღებული ჭრილობისგან, გარდაიცვალა“.
 |
| თავად ჩელოკაევის მეუღლე (მარცხნივ) და ქალიშვილები |
ლაგოდეხში ჩელოკაევს ჰქონდა მამული ბაღით, რაზეც პირდაპირ მიუთითებს მლოკოსევიჩი სტატიაში "Приятная сельскохохозяйственная новость" („სასოფლო-სამეურნეო სასიამოვნო ამბავი“(7). ის, რასაც დღეს ქალაქ ლაგოდეხს უწოდებენ, იმ დროს იყო პატარა დაბა იმავე სახელწოდებით (საბჭოთა დროს სოფელი კალინოვკა), რომელიც მდებარეობდა ლეკეთის ხაზის სამხრეთით (ზაქათალის გზატკეცილი). მის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დაბის (კალინოვკის) პირველ ქუჩაზე იყო ჩელოკაევის მამული. სავარაუდოა, რომ დროის უმეტეს ნაწილს ჩელოკაევი ოჯახთან ერთად ლაგოდეხში ატარებდა, როგორც ჭიაურთან შედარებით მუდმივ საცხოვრებლად უფრო კეთილმოწყობილ ადგილას. იმ დროის ლაგოდეხში მდებარეობდა გრენადერთა პოლკის შტაბ-ბინა, იყო მაღაზიები, ლაზარეთი, ექიმები, აფთიაქი, ტელეგრაფი, სამხედრო კრება, პოლკის ბაღი ტერასებით, ტბორებითა და საცეკვაო მოედნით, უკრავდა სიმფონიური ორკესტრი, განათებული იყო ქუჩები.
ჩელოკაევის მეუღლე იყო ელენა ივანეს ასული ანდრონიკაშვილი (1832- ?) , კავალერიის გენერლის, ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის (ანდრონიკოვი) (1798 – 1868) და თავადის
 |
|
მემორიალური კომპლექსი ,,ღირსების ბორცვი"
ქ. გიუმრი, სომხეთი
|
ასულის, ნინა კონსტანტინეს ასული ბაგრატიონ-იმერეტინსკის ქალიშვილი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მას დარჩა ორი ქალიშვილი, ნინა და ელიზავეტა. გენერლის ერთ-ერთი ქალიშვილი, ნინა ილიას ასული ჩელოკაევა, 1888 წლის 18 ოქტომბერს დაინიშნა იმპერატრიცა მარია თეოდორეს ასულის, იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლის ფრეილინად. სავარაუდოდ, იცოცხლა მინიმუმ რევოლუციამდე, რადგან მისი სახელი მოხსენიებულია 1916 წლის „მისამართ-კალენდარში“. თავადის მეორე ქალიშვილი, ელიზავეტა ილიას ასული ჩელოკაევა დაიბადა 1857-დან 1860 წლამდე , დაქორწინებული იყო იური ირინეის ძე ნოფალზე (1857 – 1916 წლის შემდეგ), კავკასიის ცენზურის კომიტეტის უფროს ცენზორზე, რომელიც შემდეგ გახდა განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი, ბეჭდვის საქმეთა მთავარ სამმართველოში. რევოლუციის შემდეგ ელიზავეტა წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში, გარდაიცვალა 1926 წლის 26 მარტს პარიზში.
თავად გენერალ-მაიორმა, თავადმა ილია ზაალის ძე ჩელოკაევმა მარადიული განსვენების ადგილი იპოვა ალექსანდროპოლში (დღეს ქ. გიუმრი, სომხეთი) მემორიალურ კომპლექსზე „ღირსების ბორცვი“, სადაც დაკრძალულნი არიან რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცრები, რომლებიც დაეცნენ XIX საუკუნის რუსეთ-თურქეთის ომების დროს (8). საბჭოთა წლებში სასაფლაო განადგურდა, 2010 წელს კი იქნა აღდგენილი.
 |
|
სამახსოვრი ფილა თავად ჩელოკაევის საფლავზე
გიუმრიში
|
ჩელოკაევის დაკრძალვის ადგილას დადგმულია მემორიალური ფილა რომელზეც წერია: „აქ განისვენებს მისი უდიდებულესობის ამალის, დაღესტნის ცხენოსანთა ირეგულარული ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი, თავადი ილია ზაალის ძე ჩელოკაევი, რომელიც გარდაიცვალა ყარსთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისგან, 1877 წლის 11 მაისს“.
P. S. ლაგოდეხში გამოჩენილი თავადის, გენერალ-მაიორი ილია ჩოლოყაშვილის ხსოვნა არ არის უკვდავყოფილი. გთხოვთ, ჩათვალოთ ეს სტატია ოფიციალურ მიმართვად, ქალაქის და რეგიონალურ ხელისუფლებასთან წინადადებად, რომ უკვდავყოთ ილია ჩოლოყაშვილის სახელი ლაგოდეხის ერთ-ერთი ქუჩის, მოედნის ან სკვერის სახელწოდებაში.
* გვარის რუსული დაწერილობა (Челокаев) არის იმ წლებში გავრცელებული „მოდის“, რუსულ გვარებზე მიდევნების შედეგი, რომლის დაცვა ინდივიდუალური არჩევანი იყო. ასე, მაგალითად, ჩელოკაევამდე დაღესტნის ცხენოსანთა ირეგულარული ბრიგადის მეთაური იყო პოლკოვნიკი ზაქარია გულბათის ძე ჭავჭავაძე, რომელმაც თავისი გვარი უცვლელად დატოვა, ხოლო ჩოლოყაშვილმა, იმავე ბრიგადის იგივე მეთაურმა, თავისი გვარი შეცვალა.
** ყარაფაფახები - (სიტყვასიტყვით „შავი ქუდები“). თურქული ეთნოგრაფიული ჯგუფი, სპარსეთის, თურქეთისა და ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.
*** ბაშიბუზუკები - მოხალისე ჯარისკაცების ირეგულარული რაზმები, ხშირად შედგებოდნენ საომარი მოქმედებების ადგილის უშუალო სიახლოვეს მცხოვრები მუსლიმებისგან.
სურათები:
- ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილი (1823-1877)
- ყარსის გარშემორტყმა და დაბომბვა
- დაღესტნის ცხენოსანთა ირეგულარული პოლკის მეომრები
- გენერალ-მაიორი, თავადი ილია ჩელოკაევი, 1872 წელი
- შეტყობინება გაზეთ "კავკაზში" თავად ჩელოკაევის გარდაცვალების შესახებ
- ჩოლოყაშვილების მამული ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში
- თავად ჩელოკაევის მეუღლე (მარცხნივ) და ქალიშვილები
- მემორიალური კომპლექსი ,,ღირსების ბორცვი" ქ. გიუმრი, სომხეთი
- სამახსოვრო ფილა თავად ილია ჩელოკაევის საფლავზე გიუმრიში
ლიტერატურა
1. Piotr Daszkiewicz, Iwan Dariusz. Listy Ludwika Mlokosiewicza (1831-1909) do Antoniego Wagi (1799 -1890)//Echa Przeszlosci, 2020, XXI/1, s. 313- 330.
2.Челокаев, Илья Заалович. [Электронный ресурс]. URL: https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A7%D0%B5%D0%BB%D0%BE%D0%BA%D0%B0%D0%B5%D0%B2,_%D0%98%D0%BB%D1%8C%D1%8F_%D0%97%D0%B0%D0%B0%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87 (дата обращения: 22.10.2025).
3. Людвиг Францевич Млокосевич (Автобиография)// В кн.: Богданов, А. П. Материалы для истории научной и прикладной деятельности в России по зоологии…// Известия Императорского Общества Любителей Естествознания, Антропологии и Этнографии, т. VI. – Москва, 1891. - 258 с.
4. Официальная часть//Кавказ. – 1887 (7 мая), 85, с.1.
5. Официальная часть//Кавказ, 1887 (12 мая), 88, с. 1.
6. Официальная часть// Кавказ, 1877 (13 мая), 89, с. 1.
7. Млокосевич. Приятная сельскохозяйственная новость// Кавказ, 1878. - № 65. – 21 марта
8. «Холм чести» — мемориальный комплекс, захоронение офицеров Российской Империи, павших в русско-турецких войнах. [Электронный ресурс]. URL: https://galatv.am/ru/2994446/ (дата обращения: 20.10.2025).
თარგმანი: ლევან ოსიპოვი Просмотров: 388
|