ხეო-ხეო, რამდენი წლის ხარ?
Автор: პეტრო ზგონნიკოვ |
Добавлено: 08.09.2021 |
|
პეტრო ზგონნიკოვ
ხეო-ხეო, რამდენი წლის ხარ?
2021
ლაგოდეხის ტერიტორიაზე, მლოკოსევიჩის ცნობილი დენდროპარკის გარდა, არსებობს კიდე რამდენიმე საუკუნოვანი დენდროლოგიური ობიექტი, რომელთა წარმოშობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ლუდვიგ მლოკოსევიჩთან. ეს არის პატარა კორპის მუხის კორომი ნინოშვილის ქუჩაზე, ცაცხვის კორომი რანის სტადიონთან, კვიპაროზი და ჰიმალაის კედარი მლოკოსევიჩის ქუჩაზე. შესაძლებელია, რომ აღნიშნული ხეები, როგორც დენდროპარკი, დარგულია მლოკოსევიჩის მიერ, მაგრამ იმისათვის, რომ ამაზე ვისაუბროთ, დასადგენია მათი ასაკი/
წერილი ,,ლაგოდეხში მლოკოსევიჩის დენდროპარკის რევიტალიზაციის“ პროექტის მონაწილეებს.
|
|
პოლონელი სპეციალისტები ლაგოდეხში 2021 წლის 6 სექტემბერს ჩავიდნენ. ფოტო: როლანდ ოსიპოვი |
|
ბატონებო!
ლაგოდეხის ტერიტორიაზე, მლოკოსევიჩის ცნობილი დენდროპარკის გარდა, არსებობს კიდევ სამი დენდროლოგიური ობიექტი, რომელთა წარმოშობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ლუდვიგ მლოკოსევიჩთან.
ეს არის ქალაქის ცენტრში კორპის მუხის პატარა კორომი, რანის სტადიონთან ცაცხვის კორომი და ორი წიწვოვანი ხე, კვიპაროზი და ჰიმალაის კედარი, მლოკოსევიჩის ქუჩაზე.
ჩემი ვარაუდი ლაგოდეხში ამ მცენარეული ობიექტების გამოჩენაში მლოკოსევიჩის ჩართულობის შესახებ ეფუძნება მისი ბიოგრაფიის ფაქტებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მან დიდი ძალისხმევა გასწია, რომ ლაგოდეხი კავკასიის ულამაზეს და ბოტანიკურად მრავალფეროვან კუთხედ გადაქცეულიყო.
ნათქვამის დასადასტურებლად, მოვიყვან ორ მაგალითს მისი ნაშრომიდან ,,ამიერკავკასიაში წყალდიდობების შესახებ“ (გაზეთი ,,Кавказское сельское хазяйство" ("კავკასიის სოფლის მეურნეობა“ 1896, N142) ,,ასე მაგალითად 1859 წელს ლაგოდეხში მოვაშენე უამრავი კვიპაროზი, პირამიდალური და ჰორიზონტალური. აქაურ პარკში შევქმენი კვიპაროზის ხეივანი, გარდა ამისა ვაძლევდი კვიპაროზს ყველას, ვისაც კი გააჩნდა სურვილი გაელამაზებინა თავისი ბაღი“.
ამავე სტატიაში ის ამბობს, რომ 1859 წელს მთების სუბალპური ზონიდან ლაგოდეხში ჩამოიტანა 300-ზე მეტი არყის ხე, იმისათვის ,,რომ მენახა თუ როგორ შეეგუებოდნენ ადგილობრივ პირობებს", გარდა ამისა, მას ასეთი გადაწყვეტილება მისმა თანდაყოლილმა ადამიანთა მიმართ სიყვარულმა მიაღებინა ,, ...რომ აქ შორიდან ჩამოსულ რუსს, ნაცნობ თანამემამულესთან შეხვედრისას, სასიამოვნო შთაბეჭდილება შეექმნას."
|
კორპის მუხა. ლაგოდეხი, 2012 წლის დეკემბერი. ფოტო: პეტრო ზგონნიკოვ |
არსებობს დასახლების საკეთილდღეოდ მლოკოსევიჩის ფილანტროპული საქმიანობის უამრავი მაგალითი, და თუ ვინმეს შეეძლო ლაგოდეხისთვის ეგზოტიკური კორპის მუხის კორომის დარგვა, ცაცხვის ხის ხეივანის მოწყობა და ლაგოდეხში ჰიმალაის კედარის და კვიპაროზის ნერგების შემოტანა, სავარაუდოდ ეს იქნებოდა მლოკოსევიჩი. მითუმეტეს ლაგოდეხში, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, 200 სულზე ნაკლები მოსახლეობით, სხვა არავინ იყო, ვინც, მის მსგავსად, მარადმწვანე დეკორატიული და ტექნიკური კულტურების ინტროდუქციით იყო დაკავებული.
მლოკოსევიჩი გარდაიცვალა 1909 წელს, 122 წლის წინ, და მარტივი ლოგიკით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ლაგოდეხში ყველა გამოჩენილი და ეგზოტიკური ნარგავი რომლის ასაკი აღემატება 122 წელს იყო დარგული მლოკოსევიჩის მიერ.
წარმოგიდგენთ ხელთარსებულ ინფორმაციას აღნიშნული დენდროლოგიური ობიექტების შესახებ.
|
კორპის კორომი. ლაგოდეხი, 2021. ფოტო: როლანდ ოსიპოვი |
კორპის მუხის კორომი. მდებარეობს ნინოშვილის ქუჩისა და ზაქათლის გზატკეცილის კვეთაზე, მლოკოსევიჩის ყოფილი საკარმიდამოდან დაახლოებით კილომეტრნახევარში.
ჩემი პირველი გაცნობა კორპის კორომთან მოხდა 60-იან წლებში, სკოლის პერიოდში. მახსოვს, მაშინ კორომში გაცილებით მეტი ხე იყო, ვიდრე ახლა, მინიმუმ 8-10 ეგზემპლარი.
2012 წლის დეკემბერში დავათვალიერე კორომი და რამდენიმე სურათიც გადავიღე. მაშინ იქ იდგა სამი ხე და მოჭრილი ხის ყუნჭი.
როლანდ ოსიპოვის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში სამივე ხე იყო ცოცხალი და კარგ მდგომარეობაში. ყველაზე დიდი ხის გარშემოწერილობა (L) 390 სანტიმეტრს შეადგენს, საშუალო - 265, პატარა
|
კორპის მუხის ყუნჭი . ლაგოდეხი, 2012. ფოტო: პეტრო ზგონნიკოვ |
კი 210 სანტიმეტრს. შესაბამისად, მათი თეორიული დიამეტრი (L/3.14) უნდა შეადგენდეს 124, 84 და 67 სანტიმეტრს, მაგრამ სინამდვილეში ეს ეხება მხოლოდ მეორე და მესამე ხეს, რომლთაც აქვთ მეტნაკლებად სწორი ცილინდრული ფორმა. პირველი ხის ძირს აქვს გამოხატული ოვალური ფორმა, რის გამოც მის დიამეტრზე (კლასიკური გაგებით) საუბარი შეუძლებელია.
60-იან წლებშივე გამიგია, რომ კორომი სავარაუდოდ ლ. მლოკოსევიჩის გარდაცვალების შემდეგ იყო დარგული მისი ერთერთი ვაჟის თუ სიძის, დიმიტრი თულაშვილის მიერ. შესაძლებელია ასეც იყოს, ამიტომ, კორპის მუხის ხეების ასაკის დადგენის საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორი პასუხის მისაღებად. იმის შესახებ, რომ კორომი მლოკოსევიჩის მიერ იყო დარგული გვეუბნება ის ფაქტი, რომ იგი კორპის მუხით დაინტერესდა გარდაცვალებამდე 20 წლით ადრე და ჯერ კიდე 1890 წელს დარგო თავის საკარმიდამოში კორპის მუხის ნერგი.
ასევე არ არის გამორიცხული, რომ კორპის მუხის კორომი იყო ჯარში სამსახურის დროს მლოკოსევიჩის მიერ გაშენებული პოლკის პარკის ნაწილი, რადგან გეოგრაფიულად იგი მდებარეობს ყოფილი პარკის ტერიტორიაზე.
|
ცაცხვის კორომი რანის სტადიონთან. ლაგოდეხი, 2021. ფოტო: როლანდ ოსიპოვი |
ცაცხვის კორომი. ქალაქის რუსი მოსახლეობის შორის ცნობილია როგორც ,,ლიპკი“. მდებარეობს წმინდა ნინოს ქუჩის ბოლო სახლებსა და ,,რანის“ სტადიონს შორის. იქ იზრდება 9 ხე, რომელთაგან ზოგიერთი დგას ერთმანეთთან ახლოს, ზოგი კი ერთმანეთისგან დაშორებულია 10-15 მეტრით. ცაცხვის კორომის წარმოშობა მკაფიო კავშირშია სამხედრო წარსულთან, როდესაც ლაგოდეხი რუსული პოლკის შტაბ-ბინა იყო და მთელი მისი შინაგანი ცხოვრება, მათ შორის მცირე სამოქალაქო მოსახლეობა, რომელიც ძირითადად პოლკის გადამდგარი, დაბალი რანგის მოსამსახურეებისგან შედგებოდა, პოლკის მეთაურობის კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა. თუ კი ცნობილია, რომ პოლკის პარკი სამხედრო სარდლობის ინიციატივით დაირგო, მაშინ, სავარაუდოდ, შტაბის მიწაზე ცაცხვის კორომის დარგვაც სამხედრო მეთაურების ბრძანებით განხორციელდებოდა.
ასეთი ვარაუდის საფუძველია კორომის მდებარეობა. მის აღმოსავლეთით 20-30 მეტრში მიედინება პატარა მდინარე, რომლის უკან არის პოლკის მეთაურის ყოფილი რეზიდენციის ტერიტორია სადაც იდგა ე.წ. ,,გენერლის სახლი“ (სახლი მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში აგურებად დაშალეს). კორომის ქვემოთ დღემდე შემორჩენილია ერთსართულიანი შენობის ნანგრევები, სადაც მოხუცთა მოგონებების თანახმად იყო პოლკის ჰოსპიტალი. ბევრს ისიც ახსოვს, რომ საბჭოთა პერიოდშიც, 50-60-იან წლებში, გენერლის სახლის გარშემო, რომელიც შემდგომში პოლიკლინიკად გადააქციეს, ბევრი მაღალი ცაცხვის ხე იზრდებოდა. ცაცხვის ხეებით შევსებული იყო სივრცე გენერლის სახლიდან ჰოსპიტლამდე და მათ გარშემო. ცაცხვის კორომის დარგვის ადგილის არჩევანი შემთხვევითი არ იყო: აქ ცხოვრობდა პოლკის მეთაური, მკურნალობდნენ ჯარისკაცები და ოფიცრები. ლაგოდეხში, ზაფხულში, დაუნდობლად მწვავე მზის ქვეშ, ხეების მკვრივი ჩრდილიანი კორომი, რომელიც ყვავილობის დროს საოცარ სურნელს ავრცელებდა, სეირნობისა და დასვენების მშვენიერ ადგილს წარმოადგენდა.
ძნელია თქმა, ვის მიერ და როდის იყო დარგული ცაცხვის კორომი, ნაკლებად სავარაუდოა რომ იგი იყოს დარგული მლოკოსევიჩის მიერ. ცაცხვის კორომის რაიონში სამხედრო შენობების აგება მე-19 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ცნობილია, რომ 1896 აქ ჯერ კიდე შენდებოდა ორსართულიანი ყაზარმა (ამჟამინდელ თავისუფლების ქუჩაზე). იმავე წლებში, ალბათ, გენერლის სახლისა და ჰოსპიტალის მშენებლობა დაიწყო, მოგვიანებით კი, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ცაცხვის ხეები დარგეს. 1895-1900 - მლოკოსევიჩის მეტყევედ სამსახურის ბოლო და პენსიაზე გასვლის პირველი წლებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ცხოვრების ამ პერიოდში იგი არანაირად არ იყო დაკავშირებული არმიასთან.
კორომში დარჩენილი ხეების ასაკის დადგენა როგორც მინიმუმი ხელს შეუწყობს გარკვევას, თუ რომელ წელს იყო დარგული კორომი, რომლის გაშენებისას შესაძლებელია მოწვეული იყო მლოკოსევიჩი, მისი მწვანე მშენებლობის (პოლკის პარკის) მდიდარი გამოცდილებსა და ცოდნის გათვალისწინებით.
დღეს კორომებში მზარდი ცაცხვის ხეებიდან ყველაზე დიდი ეგზემპლარის გარშემოწერილობა შეადგენს 427 სანტიმეტრს, ყველაზე პატარა კი 286.
კვიპაროზი და ჰიმალაის კედარი. მდებარეობენ მლოკოსევიჩის ქუჩაზე,
|
კედარი და კვიპაროზი მლოკოსევიჩის ქუჩაზე. ლაგოდეხი, 2021. ფოტო: როლანდ ოსიპოვი |
როგორც 90-იანი წლების დასაწყისში დაერქვა 150-200 მეტრიან უსახელო გზას, რომელიც გადიოდა მლოკოსევიჩის ყოფილი საკარმიდამოს ტერიტორიისა და გურამიშვილის (ყოფილი 1 მაისის), ვაჟა-ფშაველას (ყოფილი 26 კომისრების) და ასათიანის (ყოფილი პუშკინსკაიას) ქუჩების ბოლო სახლებს შორის. მლოკოსევიჩის სიცოცხლის პერიოდში, ეს გზა და ზემოაღნიშნული ქუჩების ბოლო სახლები არსებული ნაკვეთებით მის საკარმიდამოს ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენდა, შემდგომში კი გადავიდა კომუნალურ საკუთრებაში და გაცემული იქნა კერძო სახლების მშენებლობისთვის. ნათელია, რომ კვიპაროზი და ჰიმალაის კედარი, რომელიც მლოკოსევიჩის საკარმიდამოს ყოფილ საზღვრების თანახმად შესაძლებელია დარგული იყო მის (გარდაცვალებამდე), ან მისი შთამომავლის (გარდაცვალების შემდეგ) მიერ. ხეების ასაკის დადგენა დაგვეხმარება ამ დილემის ამოხსნაში.
ამ დროისთვის კვიპაროზის გარშემოწერილობა შეადგენს 184 სანტიმეტრს, ჰიმალაის კედრის 342.
პატივცემულო ბატონო რადოსლავ კონიაჟ!
მოგმართავთ, როგორც პოლონელ სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელს, რომლებიც ლაგოდეხში ჩავიდნენ მლოკოსევიჩის დენდროლოგიური პარკის პროექტის განსახორციელებლად.
თქვენს გუნდს გააჩნია პროფესიული ცოდნა, უნარები, გამოცდილება და დიაგნოსტიკური აპარატურა, რომლის დახმარებით შეძლებთ დიდი სიზუსტით ზემოთ აღწერილი დენდროლოგიური ობიექტების ასაკის დადგენას.
ამასთან დაკავშირებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ შეძლებისდაგვარად, ჩაატაროთ სამუშაო კორპის მუხის და ცაცხვის კორომებში მზარდი ხეების, ასევე მლოკოსევიჩის ქუჩაზე არსებული კვიპაროზისა და ჰიმალაის კედარის ასაკის დასადგენად.
დარწმუნებული ვარ, ჩემს თხოვნას შეუერთდება ლაგოდეხის მკვიდრთა უმრავლესობა, ვისთვისაც ძვირფასია მშობლიური ადგილის ისტორია და მათი ცნობილი თანამემამულის, პოლონელის, ლუდვიგ ფრანცეს ძე მლოკოსევიჩის ხსოვნა, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ქალაქის კეთილდღეობისთვის, რუსეთისა და ევროპის სამეცნიერო წრეებში მისი პოპულარიზაციისთვის და ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გარდაქმნისათვის.
თქვენს მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგები ხელს შეუწყობს მლოკოსევიჩის საქველმოქმედო საქმიანობის ახალი, აქამდე უცნობი ეპიზოდების აღმოჩენას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლაგოდეხის და პოლონურ-ქართული კულტურული თანამშრომლობის ისტორიაში და საზღვარგარეთ პოლონური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში.
პატივისცემით, www.lagodekhi.net საიტის ავტორი, პეტრო ზგონნიკოვ
--------------------------------
თარგმანი: ლევან ოსიპოვი Просмотров: 665
|